საიბარისა და ბრაუნის ტრანსფერების შემდეგ, ბაიერნმა შემავალ გარიგებებზე წერტილი დასვა და ახლა მთელ ყურადღებას ფეხბურთელების გაყიდვაზე გადაიტანს. კლუბის მთავარი მიზანი ჟოაუ პალინიას, ბრაიან სარაგოსას, საშა ბოესა და ალექსანდერ ნიუბელის გასხვისებაა.
ოთხივე მოთამაშეს უკვე ოფიციალურად ეცნობა, რომ ისინი მომავალი სეზონის გეგმებში არ შედიან, ბოსები კი მათგან 50-60 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავენ.
მთავარ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ამ ფეხბურთელების მიმართ ბაზარზე სიმშვიდეა და მყიდველის პოვნა ჭირს. თუ რომელიმე კლუბი ინტერესს იჩენს, ფასის მაქსიმალურად დაგდებას ცდილობს, რასაც ამჟამად ტოტენჰემი პალინიას ტრანსფერზე აკეთებს. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ ვერცერთი მათგანი ვერ შეძლებს მსოფლიო ჩემპიონატის გამოყენებას საკუთარი სატრანსფერო ფასის ასაწევად.
ამასთანავე, ბაიერნი მზად არის მოლაპარაკებები გამართოს ჰიროკი იტოსა და კიმ მინ ჯეს ტრანსფერებზეც, თუ მათზე სარფიან წინადადებებს მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მცველების სასწრაფოდ გაყიდვის აუცილებლობა არ არსებობს, კლუბის ხელმძღვანელობა დამატებით ფინანსურ შემოსავალზე უარს არ იტყვის.